დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

ალექსანდრე ჩიკვაიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 1992-5 წლებში, წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის რამდენიმე გზის ელჩი კენიასა და ჰოლანდიაში, საქართველოს ელჩი ჯერ საბერძნეთში, ხოლო ამჟამად შვეიცარიის კონფედერაციაში... ერთ ამერიკელ ჟურნალისტს, როცა გაიგო, სამი სხვადასხვა ქვეყნიდან წარგზავნილი ელჩის რანგში მოუწიაო ყოფნა, ამ უნიკალური შემთხვევის გამო მიუმართავს: “ბატონო ელჩო, ნუთუ გინესის წიგნისთვის არ შეგიტანიათ განაცხადი?”

საშა ჩიკვაიძეს, ამ მართლაცდა უნიკალური ბედის მქონე პიროვნებას, მისივე მეგობრებისა და თანამოაზრეების შეფასებით – უპატიოსნეს პროფესიონალს, თავისი შეუპოვარი ხასიათისა და ზნეობრივი უკომპრომისობის გამო მრავალი სიკეთეც მოუმკია და უაზრო გაუგებრობისა და ინტრიგის მსხვერპლიც გამხდარა, პირველ ყოვლისა საქართველოში და ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობებში.

90-იანი წლების დასაწყისში დალაგებული ჰოლანდიიდან არეულ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ბატონი საშასთვის, როგორც თავად ამბობს, რთული არ ყოფილა: “მიმაჩნდა, რომ თუკი საქართველოს იოტისოდენად მაინც გამოადგებოდა ჩემი სამსახური, ეს ცხოვრების მისია უნდა ყოფილიყო”.

და კიდევ: 1992 წელს დაწყებული მასშტაბური გამოკითხვის საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა 1995 წელს ალექსანდრე ჩიკვაიძე 500 ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის სიაში შეიყვანა.