დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

მე-7 კლასის ეს გამოცემა, წინასგან განსხვავებით, ისევ გეოგრაფიის, როგორც ცალკე საგნის, ტრადიციული სახელმძღვანელოა. ფორმის ცვლილების მიუხედავად, მასში ძირითადად გათვალისწინებულია ინტეგრირების ის მოთხოვნები, რომელიც VII კლასის საგნობრივ სტანდარტშია ჩადებული. ყველა გაკვეთილი, რომელიც შეეხება ადამიანსა და სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, დასახლებებსა და ყოფას, განხილულია ტერიტორიულ სიბრტყეში და ბუნებრივი პირობების გავლენის გათვალისწინებით; მოწოდებულია იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს სწორი ორიენტირება დროსა და სივრცეში, გამოიმუშაოს გეოგრაფიულ გარემოში არსებული ობიექტისა თუ მომხდარი მოვლენის თავისებურების სწორად შეფასების უნარი.
სახელმძღვანელოს ახალი ნაწილია VII კლასის ტრადიციული თემატიკა – კონტინენტები და ოკეანეები, რომელიც ასევე ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირების კუთხითაა წარმოდგენილი. ამ თავის თითოეული პარაგრაფი (რომელიც 2-4 საგაკვეთილო საათზეა გათვლილი) გადმოსცემს ცალკეული კონტინენტის ბუნების, მოსახლეობის, დასახლებების, წამყვანი სამეურნეო დარგების, ღირსშესანიშნაობებისა და სხვა სახის თავისებურებებს, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას უქმნის და ინტერესს უღვივებს მოსწავლეს პლანეტის მრავალფეროვნების მიმართ.
ამ სახელმძღვანელოს მუდმივი თანამდევია რუკა. სხვადასხვა ტიპის – ფიზიკური და პოლიტიკური რუკების ათვისება და ურთიერთკავშირში მათი წაკითხვა გეოგრაფიის სწავლების საფუძველია. სახელმძღვანელოში გამოყენებული რუკების უმრავლესობა მაღალკვალიფიციური კარტოგრაფის, მანანა ქურთუბაძის მიერაა შექმნილი.
მასწავლებლის დასახმარებლად, მოსწავლის წიგნში შესული თავების შემაჯამებელი სავარჯიშოების გარდა, გთავაზობთ სიახლეს – სავარჯიშოების კრებულსა და კონტურული რუკების კომპლექტს დამატებითი სავარჯიშოების ფართო არჩევანით. მასწავლებელს შეუძლია მათი გამოყენება სურვილისამებრ – საკონტროლო გამოკითხვისთვის ან საშინაო დავალებად.
მასწავლებლის წიგნში მითითებულია თითქმის ყველა გაკვეთილის სავარაუდო სცენარი, ზოგადი ბიბლიოგრაფია, ხელმისაწვდომი ვებგვერდების ჩამონათვალი.