დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

მე-7 კლასის ისტორიის გადამუშავებულ სახელმძღვანელოში შესასწავლი მასალა თემატურადაა დაჯგუფებული. ისტორიის სწავლებისას თემატური კრიტერიუმის არჩევა განაპირობა რეფორმის ძირითადმა მოთხოვნამ – გააქტიურდეს მოსწავლის როლი გაკვეთილზე.
რა თავისებურება ახასიათებს თემატურ პრინციპს, რომლის გათვალისწინება უსათუოდ მოუწევს პედაგოგს?
სახელმძღვანელო მიზნად არ ისახავს მსოფლიო ისტორიის თხრობას, ეს შეუძლებელია ერთი წიგნის ფარგლებში, მაგრამ სახელმძღვანელოში განხილული თემები მოსწავლეებს წარმოდგენას შეუქმნიან იმის შესახებ, თუ რა კომპონენტებისაგან შედგება ისტორია, რა შეადგენს ისტორიის საშენ მასალას – იქნება ეს მოვლენათა დროში განსაზღვრის წესი, ადამიანის შრომითი საქმიანობა, რელიგია, საზოგადოებრივი წყობა, სახელმწიფოს ტიპი თუ სხვა. ასეთი ცოდნით შეიარაღებული მოსწავლე შემდგომში ადვილად აითვისებს ნებისმიერი კონკრეტული ქვეყნის ისტორიას. მოსწავლემ, რასაკვირველია, მასწავლებლის დახმარებით, ყოველი ახალი თემის შესწავლის შემდეგ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროცესის ერთიანობაში გააზრება. შერჩეული თემატიკის ფარგლებში ავტორები შეეცადნენ სახელმძღვანელოში შეეტანათ მსოფლიო ისტორიის საუკეთესო, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები, მათ შორის მაგალითები საქართველოს ისტორიიდან და საქართველოსთან პოლიტიკურად და კულტურულად დაკავშირებული სახელმწიფოების ისტორიიდან.
მასწავლებლის დასახმარებლად, მოსწავლის წიგნში შესული თავების შემაჯამებელი სავარჯიშოების გარდა, გთავაზობთ ორ სიახლეს _ სავარჯიშოების კრებულსა და კონტურული რუკების კომპლექტს დამატებითი სავარჯიშოების ფართო არჩევანით. მასწავლებელს შეუძლია მათი გამოყენება სურვილისამებრ – საკონტროლო გამოკითხვისთვის ან საშინაო დავალებად.
მოსწავლის წიგნს ერთვის მრავალფეროვანი დანართები, საკუთარ სახელთა და ტერმინთა საძიებლები.
მასწავლებლის წიგნში მითითებულია ყველა გაკვეთილის სავარაუდო სცენარი, ზოგადი ბიბლიოგრაფია, ხელმისაწვდომი ვებგვერდების ჩამონათვალი.