დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

  ზაზა ბურჭულაძე

ანტირომანი “მინერალური ჯაზი” 2004 წლის სალიტერატურო პრემია საბას” ნომინანტი.

გამოხმაურებები რომანის შესახებ:

ნამდვილი მწერალი თამაშობს: ერთმანეთისთვის მანამდე უცნობ სიტყვებს დაამეგობრებს და ტრივიალური გონებისთვის მოულოდნელ წყვილებს ქმნის. ენათმეცნიერი იტყოდა, მისთვის ამა თუ იმ სიტყვის ვალენტობა რელევანტური არ არისო. ერთმანეთს შეუხვედრელი სიტყვები ათას წელს იცხოვრებდნენ ცალ-ცალკე და ვირტუალურად შესაძლებელი რომელიმე მსაზღვრელ-საზღვრული არასოდეს არავის მიერ არ წარმოითქმებოდა არც ერთ ენაზე, სწორედ ამ მწერალს რომ არ მოენდომებინა მისი გამოგონება, და არა მხოლოდ გამოგონება, არამედ გასათაურება, ანუ გაუნიკალურება, ანუ გაუკვდავება. სიტყვათა სწორედ ასეთი უეცრად ჯანსაღი წყვილია მინერალური ჯაზი” Ã მაცოცხლებელი ბუნებისა და ცოცხალმკვდარი კულტურის შეხვედრა ახალ ქართულ რომანში. ესაა ერთდროულად თხევადი ჯაზი და გაჯაზებული შუშხუნა სითხე, ანუ სინკოპირებული ცნობიერების ნაკადი, რომელიც რეტრადიციული წვალებით იმკვიდრებს საკუთარ კალაპოტებს. ვერცხლის ფერი, რომელიც ამ ნაკადს დაჰკრავს, ლაღობით შეურყვნელი ტალანტის ფერია. წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ აღმოჩნდებით სრულიად უცნობ ახალ მშვენიერ სამყაროში, რომელშიც თურმე დიდი ხანია ცხოვრობთ.

ლევან ბერძენიშვილი

*

მინერალური ჯაზი” რომანი-მეტატექსტია დაუწერელ რომანზე, უფრო ზუსტად, რომანზე, რომლის წერას ავტორი იწყებს, მაგრამ შემოქმედებითი კრიზისის გამო ვეღარ განაგრძობს. იგი არ კარგავს იმედს, რომ მუზა მისკენ გამოიხედავს, და მუზის მოლოდინში ცხოვრებაზე, მწერლობაზე, მუსიკაზე, თავის მომავალ პერსონაჟებზე საუბრით სურს, რომ შეგვიყოლიოს, რასაც, წარმოიდგინეთ, ახერხებს კიდეც. წარმოიდგინეთ”-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ... როგორი წარმოსადგენია რომანის ოდენა მეტატექსტი, რომელიც თავს წაგაკითხებს! ზაზა ბურჭულაძის რომანი-მეტატექსტი კი არა მარტო იკითხება, სულმოუთქმელადაც იკითხება.

ლევან ბრეგაძე

*

ეს არის არა მარტო სიტყვებით, არამედ ბგერებით, ფერებით, ფორმებითა და ფორმულებით დაწერილი ტექსტი. ეს არ არის მარტო შემოქმედება, მინერალური ჯაზი” თვით შემოქმედებითი პროცესია, რომელსაც არა აქვს და არც უნდა ჰქონდეს დასასრული.

გიორგი გვახარია

*

გადააქცევს მინერალური ჯაზის” ავტორი დასაქცევ-დამაქცევარ წყალს ბოლომდე შესასმელ მათრობელ ღვინოდ? დადგება დაუდეგარი მაჭარი, რომლის ამომავალ სიძელგეს წინათგრძნობს სასა? ან რჩება თავისთავადურ ქმნილებად, რომლის მღვრიე სიბრუეში მაინც ფხიზლობს თვალი? თუ უფსკრულზე ქანაობს სამყარო, საყრდენი მყარია. თუ გზა თვითმიზანია, არის მიზანიც.

ზურაბ კიკნაძე

*

რატომ ანტირომანი? განა რომანების ჭარბმა წარმოებამ შეგვაწუხა უკვე? ვფიქრობ, ჟანრის განვითარების თავისთავად ულმობელი კანონების ბრალი უნდა იყოს ეს განსაზღვრებაანტირომანი”. აქ უფრო ტრაგიკული შეკითხვა ისმის: შეიძლება თუ არა ქართველს ჰქონდეს ისტორია? საქართველოს კი არა, ქართველს-მეთქი! იმ ჩვეულებრივ ქართველს, რომლის პირადი გამოცდილება საბოლოოდ უიმედოდაა ჩანაცვლებული ჯგუფური მეთოდოლოგიით? იქ, სადაც გამოცდილება ერის მონოპოლიაა, სათავეში ფსევდორომანი დგას. ამას კი სინდისიერ მწერალს სიკვდილი ურჩევნია... სიკვდილი ან ანტირომანი.

... , ენავ ჩემო, დედაო ენავ, ¶ ამ წიგნიდან მოყოლებული იქნებ შენც გამოეთხოვო შენის უკვდავის სიცოცხლის რომელიღაც შავ დღეს აკიდებულსა და მოყირჭებულს უბიწოებას და ბოლოს და ბოლოს იქმნა ის, რაც უნდა იყო და რაც ოდესღაც უკვე იყავ: საშუალება და არა მიზანი...

ნოდარ ლადარია

*

მინერალური ჯაზი” მოცულია მკითხველის მძაფრი მოლოდინით: მოლოდინი თან სდევს და მსჭვალავს მთელ ტექსტს, Ã თუმცა ვინც ფაბულის დეტექტიურ განვითარებას ჩაუსაფრდება, ირონიული გაწბილება ელის; ვინც შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ლიტერატურული განცხრომის ძიებას შეუდგება, მისი გარჯა უეჭველად ანაზღაურდება.

მერაბ ღაღანიძე

*

ხელიხელსაგოგმანები წიგნი გამოვეცით ჩვენ, პატივმოყვარეთ. თანაც დახე, დასავლური სარეკლამო მოდის ბოლო წივილ-კივილის გათვალისწინებით გავაჯაზეთქებანი მისნი მთელ გარეკანზე უხვად მიმოვაბნიეთ და მერმე, აგე, სატიტულო გვერდსაც კი დავასწარით თვალთა შენთა ხელახლა დასაპყრობად და გულის უღრმეს კუნჭულებში მიმალულ სიმთა ასატოკებლად, მკითხველო. მაგრამ, აბა განა რა დასაძრახია ის ამბავი, თუკი ღირსეულთ კაცთა საქებარ სიტყვას მკითხველს დროულად აუწყებ და ამით წიგნის ღირსებებს მიჩქმალვას გადაარჩენ? და მაინც, ვაღიარებთ, რომ დიაღაც მკითხველთა ლეგიონების მოსაზიდად მოვაწყეთ მსგავსი ხრიკ-ოინი ჩვენ, ანგარებით აღსავსეთ. აქა ავტორი დასტურ იტყოდა: უფალო შეგვიწყალენ! (3-ჯერ).

ეჰეი, მკითხველო, დარჩი ჩვენთან, ანუ შეუერთდი ცინცხალ სიტყვას მოწყურებულ წიგნისა მღილთა” სპა-ჯარს, მოგვიტევე შენაც მოდის კერპისადმი გაღებული ხარკნი და შესაწირავნი ჩვენნი უსაზომონი, და გპირდები, ამგვარ და ამაზე უარეს, ოღონდაც რომ დამატყვევებლად გულახდილ ცუნდრუკსიტყვაობას” კიდევ მრავლად იპოვი ამ ქმნილებაში, რომელსაც უმალ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხს შევადრიდი, ვინემ ფუჭსიტყვაობის უმაქნის ფეიერვერკებს.

ლაშა ბერაია, მინერალური ჯაზის” გამომცემელ-პანეგირისტი

   სად შევიძინოთ

    ზაზა ბურჭულაძის “სახარება ვირისა”–ს შესახებ